ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” (TI) და „აირჩიე ევროპას” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს, საზოგადოებას გაუმხილოს, რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას.
საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
რაჟდენ კუპრაშვილს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რომ გადაწყვეტილება „აირჩიე ევროპასაც” შეეხებოდა, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას”.
„ჩვენ, მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილება „დემოკრატიის ფესტივალის“ მიმართ გამოვიყენეთ, ასევე გამოვიყენეთ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიმართ, რომლებმაც მოგვიანებით, პოლიტიკური პარტია შექმნეს. შესაბამისად, ამ კანონის დათქმა არის შემდეგი – თუკი პოლიტიკური პარტია იარსებებს, ამ შემთხვევაში, ეს სტატუსი იხსნება.
ფესტივალს რაც შეეხება, მათი წევრები შეუერთდნენ პარტია „ლელოს” და დანარჩენი წევრები, რომლებიც არ შეუერთდნენ, მოგვმართეს განცხადებით, მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ეს სტატუსები მოეხსნათ.
რაც შეეხება „აირჩიე ევროპას”, „აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი გვევლინებიან, როგორც პოლიტიკოსები. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, – განაცხადა კუპრაშვილმა.