ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩის #24 შენობის ფართი შალვა თავდიშვილის თხილის მიმღებ პუნქტს წარმოადგენს. მარცხნივ კი „ბაზრის წყლის“ სახელით ცნობილი პატარა მდინარე ჩამოუდის, რომელიც სავსეა ნაგვით _ პლასტმასის ბოთლებითა და პოლიეთილენის პარკებით, ტომრის ნაფლეთებით, საოჯახო ნარჩენებით.
_ ეს ანტისანიტარიის ბუდე იმდენად თვალში საცემია, ზოგს ნაგავსაყრელი კალაპოტი ჰგონია და შიგ კიდევ დამატებით ნაგავს ყრის, _ გვეუბნებიან აქვე ახლოს სხვადასხვა ობიექტებზე მომუშავენი.
თხილის მიმღებ პუნქტში მომუშავე ქალბატონი კი აღშფოთებას ვერ მალავს: „დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ორი კვირის წინ მივმართეთ. გასაგებია, რომ ხალხი დაუდევრად იქცევა, მაგრამ აქ ერთი ნაგვის ურნა აუცილებელია. ბევრი ობიექტია ირგვლივ, ხალხიც განუწყვეტლივ მოძრაობს და ძალაუნებურად ხელთ არსებულ ნაგავს პირდაპირ მდინარეში ყრიან. მოსახლეობა გაცილებით მეტს სცოდავს. წყალგამტარი გვირაბი ამდენ ნაგავს გაიტანს? აქ რაღაცა ჭირზე უარესი გაჩნდება ამ სიცხეში, თუ არ მიხედეს აქაურობას! _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ქალბატონი და დახმარებას გვთხოვს.
„გურია ნიუსი“ ქალაქ ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელს ვოვა სალუქვაძეს ესაუბრა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
_საქმის კურსში ვართ. დაწყებულია მუშაობა ამ უბნის მოსაწესრიგებლად და მალე იქ სრული სისუფთავე იქნება, მდინარის კალაპოტიც გაიწმინდება და ურნაც დაიდგმება _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ თვალს მიადევნებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩაზე, ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოს.