თბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის – 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
5 დაშავებულიდან 3 დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული.
მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული.
ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები.
აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ “სენტასთან” საღამოს მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.
მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.