რამდენიმე საათის წინ ოზურგეთში, რესტორან “ბერმუხასთან” აფეთქება მოხდა.
როგორც ცნობილია, კრიმინალური ავტორიტეტი „ჯუმათა“, ზვიად ჯინჭარაძე, საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომის დროს ააფეთქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ტერორიზმთან არ გვაქვს და მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება.
მომხდარი ფაქტის შეფასება ჩოხატაურში, ოპოზიციის ლიდერებს ვთხოვეთ.
კითხვაზე, სანამ ხელისუფლება პოლიტიკურ ექსტრემიზმზე საუბრობს, რეგიონში მანქანას აფეთქებენ. სად გადის ზღვარი პოლიტიკურ რიტორიკასა და რეალურ კრიმინალს შორის?_ პარტია „ახალის“ ლიდერი, ბაჩო ახალაძე გვპასუხობს:
_ ოზურგეთში მომხდარი აფეთქება არის ფაქტი, რომელიც ვერანაირი პოლიტიკური განცხადებით ვერ გადაიფარება. როდესაც ადამიანს საკუთარ მანქანაში აფეთქებენ, ეს უკვე მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის ტრაგედია აღარ არის — ეს არის სისტემური პრობლემა.
დღეს ქვეყანაში აშკარად მომატებულია კრიმინალური შემთხვევები — ძალადობა, ანგარიშსწორება, მძიმე დანაშაულები.
საზოგადოებაში შიშის განცდა იზრდება და ამ ფონზე, როცა ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი კობახიძე, ძირითადად საუბრობს პოლიტიკურ ექსტრემიზმზე და „რადიკალიზაციაზე“, ჩნდება ბუნებრივი კითხვა:
რატომ არ არის იმავე სიმკაცრით და ენერგიით საუბარი კრიმინალის ზრდაზე?
ზღვარი პოლიტიკურ რიტორიკასა და რეალურ კრიმინალს შორის გადის იქ, სადაც სიტყვები ვეღარ ცვლის ფაქტებს.
რიტორიკა შეიძლება ემსახურებოდეს ელექტორატს, მაგრამ აფეთქება ქუჩაში არის პირდაპირი გამოწვევა სახელმწიფოსთვის. ეს უკვე სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის საკითხია…
როცა ქვეყანაში კრიმინალი მატულობს და მოქალაქეები საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული აღარ არიან, ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს რეალური საფრთხეების განეიტრალება და არა პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაცია.
საზოგადოება ელოდება არა მორიგ პოლიტიკურ ბრიფინგს, არამედ მკაფიო პასუხს — რატომ ხდება მსგავსი მძიმე დანაშაულები და რა კეთდება იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, მაშინ პრობლემა ბევრად ღრმაა, ვიდრე მხოლოდ ერთი აფეთქების ფაქტი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, რომან კალანდაძე გაზრდილი კრიმინალის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სჯობს გამოძიების შედეგებს დაველოდოთ
„გაარკვევენ რაც საჭიროა აფეთქებასან დაკავშირებით, დაველოდები გამოძიების დასრულებას“,_ გვპასუხობს კალანდაძე.
როგორც ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ ამბობენ, ზვიად ჯინჭარაძეს ტერფის ძვლების დაზიანება აქვს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის უკვე გაეწერა კლინიკიდან მისივე მოთხოვნით.
ავტორი































































