გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ახალი მერი კახა კალაძე საკუთარი პოლიტიკური გუნდის შექმნას გეგმავს.
“გურია ნიუსი” პირველი მედიასაშუალებაა, რომელთანაც კალაძემ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.
ჩვენს კითხვაზე, როგორია მისი სამომავლო გეგმები და აპირებს თუ არა ახალი პარტიის შექმნას, კახი კალაძემ ასეთი პასუხი გაგვცა:
_ მე ვაპირებ ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა ქალაქის არჩეული მერის პოსტი. უამრავი გამოწვევა და პრობლემაა ქალაქში. ერთადერთი პრობლემა რაც არის, ეს არის დრო _ 4 წელი ძალიან ცოტაა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია. თუმცა, დღე და ღამის განმავლობაში ვიმუშავთ, თავს არ დავზოგავთ და 4 წლის თავზე ქალაქი იქნება მართლაც თვალშისაცემი და ხელშესახები იმ პროექტებით, რომელსაც ჩვენ გავახორციელებთ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას თბილისის ახალმა მერმა.