სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია იმ განცხადების შინაარსზე, სადაც შამბა აფხაზეთის კრიზისზე საუბრობს, მისი თქმით, თუ აფხაზეთი კრიზისიდან ვერ გამოვა, მოუწევთ საქართველოს ან რუსეთის ხელისუფლებას სთხოვონ, რომ აფხაზეთის ტერიტორია საკუთარ შემადგენლობაში მიიღონ.
_ როგორ უნდა შეფასდეს სერგეი შამბას განცხადება? ხედავს თუ არა დე-ფაქტო ლიდერი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და რა გავლენას მოახდენს აღნიშნული განცხადება საქართველოსა და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობაზე?_ ამ საკითხებზე მენაღარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს.
,,პირადად ვიცნობ ბატონ შამბას და შემიძლია ვთქვა, რომ იგი ხედავს, თუ რა პრობლემები აქვს აფხაზეთს, თუმცა არ მინდა ვიჩქარო და მეტისმეტად ოპტიმისტური განცხადება გავაკეთო. შამბამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სულაც არ აპირებენ დაივიწყონ ის პრობლემები, რომლებიც საქართველოსთან ჰქონდა, რბილად რომ ვთქვათ, იგულისხმება ის სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენ შორის.
გარდა ამისა, მან შესანიშნავად იცის, რომ აფხაზურ მხარეს რაიმე მსგავსი ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ მისცემს ის ძალა, რომელიც დღეს რეალურად აკონტროლებს სიტუაციას, ამიტომ მისი განცხადება უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვისთვის არის გაკეთებული.
ის, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს შესანიშნავად ხედავს, როგორ მიდის ეკონომიკური განვითარება, არ შეიძლება ხალხი არ ხედავდეს, როგორ რთულდება ურთიერთობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის.
რას ველოდებით _ მთელი აფხაზური მოსახლეობა დადგება ფეხზე და ზურგს შეაქცევს იმ ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთის განმათავისუფლებლად? ბუნებრივია, რომ ეს სწრაფად არ მოხდება“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა.