მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი ამბობს, რომ საკუთარი ავტომობილის საბარგულში, ავტომანქანის ათობით რუსული ნომერი აღმოაჩინა. მან შემთხვევის ადგილიდან ლაივი ჩართო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც ჭიბოშვილი ამბობს, კრიმინალურ პოლიციასაც ელოდება.
გიორგი ჭიბოშვილმა საპატრულო პოლიციელს განუმარტა, რომ ის ავტომანქანას ძირითადად დაკეტილ მდგომარეობაში ტოვებს, თუმცა ზოგჯერ ჩამოწეული აქვს მინები.
„დღეს შევამჩნიე, რომ მანქანის ერთი საბურავი დაშვებული იყო და როცა საბარგული გავხსენი, რომ დანგრატი ამომეღო, დამცავის ქვეშ დამხვდა დიდი ოდენობით რუსული სახელმწიფო ნომრები. ეს მანქანა ჩემს საკუთრებაში არ არის, ნაქირავები მყავს და ვიხდი ქირას. ორი წელია ნაქირავები მყავს, მაგრამ აქამდე მსგავსი რამ არ შემინიშნავს. ეს ნომრები რუსულ გაზეთში იყო გახვეული“, – უთხრა ჭიბოშვილმა პოლიციას.
მისი თქმით, მას ამ ხნის განმავლობაში ავტომანქანა სხვა პირისთვის არ უთხოვებია.
მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რა მიზნით აღმოჩნდა მის მფლობელობაში მყოფ ავტომანქანაში რუსული სანომრე ნიშნები.
შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა. მეპატრონის თქმით, ავტომანქანა გუშინ სამსახურის დასრულების შემდეგ გააჩერა, დღეს კი საბურავი დახვდა დაშვებული.
გიორგი ჭიბოშვილის შეფასებით, რუსული სანომრე ნიშნები თითქმის ყველა ახალია.
პოლიციას ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია.
წყარო: netgazeti.ge