კანონის უზენაესობის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების დროს მათი მხრიდან ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სახელდება პოლიციელთა მიერ მათთვის ფოტოების ქუჩაში გადაღება.
“პოლიციელს აქვს მოქალაქეთა ქუჩაში შეჩერებისა და მათთვის ფოტოს გადაღების უფლება, თუმცა არა უმიზეზოდ – უნდა არსებობდეს როგორც შეჩერების, ასევე ფოტოს გადაღების კანონით გათვალისწინებული მიზეზ(ებ)ი.
როდის არის კანონიერი პოლიციის თანამშრომლის მიერ თქვენთვის ფოტოს გადაღება ქუჩაში:
უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ აქვს თუ არა პოლიციის თანამშრომელს თქვენი შეჩერების კანონიერი საფუძველი;
თუ არსებობს შეჩერების საფუძველი, შემდეგი ეტაპია ფოტოს გადაღების საჭიროების დადგენა. პოლიციელის მიერ ფოტოსურათის გადაღების მიზანი უნდა იყოს თქვენი იდენტიფიცირება და სხვა გზით ეს უნდა იყოს შეუძლებელი (მაგ:. თან არ გაქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან/და სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს თქვენს ვინაობას) ან ეს დაკავშირებული უნდა იყოს განსაკუთრებულ სირთულესთან;
ფოტოსურათის გადაღების შესახებ პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეადგინოს ოქმი და მოგაწერინოთ ხელი.
ფოტოსურათის უკანონოდ გადაღების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს”,_ ნათქმია ინფორმაციაში.