„ქართულ პარლამენტარიზმში ისეთი დრო დადგა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. „ქართული ოცნება“ დღითიდღე ამტკიცებს, რომ ქვეყნის მართვის სადავეების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ქურდული სამყაროს ჩართვაზეც, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უამრავი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ივანიშვილის არაპრაგმატულ პოლიტიკაზე მეტყველებს ის ფატი, რომ ყოფილი თანამებრძოლები გადაიმტერა.
„ფაქტობრივად, არ არსებობს წითელი ხაზი, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გადაკვეთა. პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი უამრავ შეცდომას უშვებს, მათ შორის, თანამებრძოლები, რომლებიც თანამოაზრეებად უნდა გადაექცია, გადაიმტერა. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, გაერთიანებული ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გამარჯვებას ვერ მოიპოვებს“, _ აღნიშნა ცინცაძემ.