დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. მდინარე ბჟუჟზე დაგეგმილი მცირე ჰესის მშენებლობის თაობაზე, პროექტის ავტორებს შეხვდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ მიმართა შემოქმედელებს, პრეზენტაციისთვის მოესმინათ და მერე დაესვათ კითხვები.
_ მოვუსმინოთ პროექტის ავტორს, მერე რამდენიც გსურთ, იმდენი კითხვა დასვით. ვერავინ წავა თქვენი ნების წინააღმდეგ. მეც ერთი თქვენგანი ვარ დღეს, _ უთხრა მან დარბაზში მსხდომთ.
მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, დარბაზში მღელვარება არ დაცხრა და მათ პროექტის ავტორის, გიორგი მარგებლიძის მოსმენაც კი არ ისურვეს.
_ არ ეივსო ბეჟუაშვილის (ბჟუჟაჰესის ახლანდელი მეპატრონე. ავტ.) ქისა? თქვენ შემოქმედი ყარაჯალა ხომ არ გგონიათ? ერთი ჰესი არის სოფელში, მეორე არ აშენდება. წადით აქედან, რა ზიანს მოიტანს და რას გვარგებს, ჩვენზე უკეთ იცით? _ შეუჩერებლად ისმოდა დარბაზიდან, რის გამოც პრეზენტაციის გაგრძელება შეწყდა.
“ჩაუყვია ჯიბეში ხელი, გადმოუშვია “საროჩკა“! მაგას 800 ევროს უხდის და ჩვენ უწყლობით სული უნდა ამოგვხადოს მაგის უფროსმა? ამათ აქ ფეხი არ უნდა დავადგმევინოთ, _ როგორც ნათქვამია , “ცოფები ჰყარეს“ შემოქმედელებმა.
შეხვედრა ჩაიშალა. ახმაურებული დარბაზიდან ერთი მსურველიც არ აღმოჩნდა, ვინც პრეზენტაციის მოსმენას, თუნდაც ზრდილობის გამო, ისურვებდა.
“ბოლოს და ბოლოს სტუმარია და მოვუსმინოთო“ _ ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნას, დარბაზიდან შურდულივით წამოსული რეპლიკა შეხვდა: “სტუმარი თუა წევიყვანოთ რესტორანში, მაი არ გვეშლება ჩვენ…”
პროექტის ავტორმა გიორგი მარგებლიძემ “გურია ნიუსთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა:
“რა ვთქვა,? რის დასრულება, საუბრის დაწყებაც არ მაცალეს. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, დღეს არის დრო ჩვენს ქვეყანაში, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა. თუ არ უნდათ, არ იქნება!“ _ გვითხრა მან.
“გურია ნიუსი“ ამ თემაზე სტატიას ვრცლად უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.