“არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს”, _ ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი, თავად მოუწოდებს მრევლს, არსებული საფრთხის გამო, სახლში დარჩნენ.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ასევე, გარკვეული წინამძღვრებისგან დღეს ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოხმაურება, როდესაც ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს ამ საფრთხის გამო, რომ დარჩნენ სახლში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს. ასევე, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან არ გამორიცხა, რომ აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.
„აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“ , – განაცხადა მინისტრმა.