“სანამ არ ჩაინგრევა და მანქანას არ ჩაიყოლებს, მანამ ყურადღება არ უნდა მიაქციოთ?!” _ ლანჩხუთის ხელმძღვანელ პირებს მიმართავს ახალგაზრდა აქტივისტი და ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე აკეთი–ძიმითის დამაკავშირებელი ერთ–ერთი ავარიული ხიდის ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
“აკეთი–ნაგომრის ხიდს რა მოუვიდა, იმედია, გვახსოვს! მაშინაც, არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მაგრამ, სანამ არ ჩაინგრა, მანამ არაფერი გააკეთეთ!
დავიჯერო, ამ გზაზე არასდროს გაგივლიათ?
გზისა და წყლის უსაშველოდ გაწელილ სამუშაოებზე აღარაფერს ვამბობ…
არ იმსახურებს აკეთის თემი ამ დამოკიდებულებას! წერტილი.
პ.ს. როგორც მახსოვს, ამ რულეტივით დახვეული ე.წ. ხიდების გაკეთება, ლანჩხუთის ბიუჯეტს მცირე თანხა არ დაჯდომია!” _ წერს გიორგი მორჩილაძე, რომლის მიმართვის უშუალო ადრესატები მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი და აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ემზარ თევდორაძეა.
“დეპუტატიც მოვნიშნე, მერიც… გარდა ამისა, საკრებულოს გვერდზე დავტოვე ეს ტექსტი და ფოტოები, პასუხიც არ გაუციათ.
ადამიანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაზე დუმილი, როგორც ჩანს, რაღაც ახალი ხელწერაა ადგილობრივი ხელისუფლების.
მე, უბრალოდ, არ მინდა ნაგომარი–აკეთის ხიდის ამბავი განმეორდეს. მაშინაც რამდენჯერ გავაფრთხილეთ, ზუსტად ასეთი ხიდი იყო და სანამ არ ჩაინგრა და ჩაიყოლა მანქანა, მანამ არაფერი გააკეთეს“, _ ამბობს გიორგი მორჩილაძე.
აკეთის თემში მერის წარმომადგენელი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ ადგილზე საგანგაშო მდგომარეობა არაა და ხიდი მცირედ შეკეთებას საჭიროებს:
“ისეთი საგანგაშო მდგომარეობა არაა, როგორც გიორგი ამბობს, უბრალოდ, მცირედი შეკეთება ჭირდება და აუცილებლად გაკეთდება“, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
ავტორი