პარლამენტში სხდომაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უპასუხა.
გიორგი გახარიას თქმით, ველისციხეში კონფლიქტს პოლიციელებზე თავდასხმის სახე ჰქონდა და რეაგირებაც შესაბამისი იყო.
„ამ კონფლიქტს ჰქონდა თავდასხმის სახე პოლიციელებზე, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი და მე მგონი, არავის უნდა უკვირდეს ის ზომები, რაც მიიღო პოლიციამ. მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როცა გამოვლინდება დამატებითი ფაქტები, ყველა იქნება დასჯილი.
რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როდესაც პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა ამას ექნება ადეკვატური პასუხი.
არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი და ხუთი წლის წინ, ამის შემდგომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელებზე თავდასხმა იქნება დასჯადი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იმაზე უფრო მკაცრი”, განაცხადა გახარიამ დეპუტატების შეკითხვების პასუხად.