“არ მინახავს და ვერც დავადასტურებ”, _ ეს განცხადება “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” ოფისის ცენტრალურ კედელზე ბანერის ჩამოხევასთან დაკავშირებით გააკეთა.
“საიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ბანერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი კორიფაძემ დააზიანა, არ ვიცი. როგორც ამბობენ, პირდაპირი ეთერი ედო ფეისბუქზე, თუმცა, მე არ მინახავს და შესაბამისად, ვერც დავადასტურებ”, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა.
შეგახსენებთ, რომ, სავარაუდოდ, წუხელ, გვიან ღამით “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ოფისზე “ქართული ოცნების” ბანერი ჩამოხიეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბანერი “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერმა, საკრებულოს წევრმა, დიმიტრი კორიფაძემ ჩამოხია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, კორიფაძეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფაქტის ამსახველი ვიდეოც ედო, რომელიც შემდეგ წაშალა.
კორიფაძე ამ დროისთვის “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გარდა ამისა, საზოგადოებაში სხვა აზრიც ფიქსირდება. სოციალურ ქსელში “გურია ნიუსის” მიერ გაზიარებულ ნიუსს “ჩოხატაურში “ქართული ოცნების” ოფისზე ბანერი ჩამოხიეს”, სხვადასხვაგვარი შეფასება და გამოხმაურება მოჰყვა.
წერენ იმასაც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაამართლა ამომრჩევლის იმედი და ეს ფაქტი, სწორედ ასეთი განაწყენებული ადამიანის ჩადენილი იქნება.
“გაიარა ვიღაცა გაბრაზებულმა ადამიანმა, ნასვამი იქნებოდა და ასე იყარა ჯავრი მთავრობაზე”, _ წერენ ისინი.
ფაქტზე შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება.