“არ მინდა არანაირი სამძიმრის მოსმენა. ჩვენ ის ციხეში ვნახეთ 12 თებერვალს, შეხვედრაზე. ის ცოცხალი, ჯანმრთელი და ბედნიერი იყო” – აცხადებს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა შვილის სიკვდილზე. ლუდმილა ნავალნაიას სიტყვებს გამოცემა “ნოვაია გაზეტა” ავრცელებს.
შეგახსენებთ, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე 47 წლის ასაკში დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე დაასახელა თრომბი.
ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.