“სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს”,_ ასე აფასებს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია “კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის” (CFJ) „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.
სასამართლო პროცესმა D შეფასება მიიღო, რადგან გამოვლინდა მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომლებმაც ბრალდებულის მიმართ წარმოებული საქმის სამართლიანობა შეარყია. მათ შორის იყო დაცვის მოწმეების ჩვენებებისა და ვიდეოჩანაწერების გამორიცხვა, ასევე ბრალდებულის მინის კაბინაში მოთავსება, რაც ართულებდა ადვოკატთან კომუნიკაციას.
„დაცვის ძირითადი უფლებები დაირღვა როგორც პროცესის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დროს… აღნიშნული დარღვევები კიდევ უფრო გამძაფრდა საქმის ორი დამატებითი მახასიათებლით – მოსამართლის მიერ პროცესის დასასრულ ბრალდების გადაკვალიფიცირებით და სასამართლო განხილვის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, მიერ გაკეთებული მიკერძოებული განცხადებებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და განაჩენი წარმოადგენდა პროცესის ბოროტად გამოყენების შემთხვევას. მის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო იმ ფონზე, როდესაც საქართველოში, პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში, მკვეთრად გაუარესდა პრესის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
ანგარიშში საუბარია მსჯავრდებისა და სასჯელის სათანადო დასაბუთების არარსებობაზე. CFJ აღნიშნავს, რომ განაჩენში არ არის განმარტებული, რატომ წარმოადგენდა მზია ამაღლობელის სილა ირაკლი დგებუაძისადმი წინააღმდეგობას: „მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სილა იყო ემოციური რეაქცია, რომელიც მოჰყვა დგებუაძის დამამცირებელ ტონსა და ირონიულ შენიშვნებს დაკავებულ ნათესავებთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მტკიცებულებითი ხარვეზი სასამართლოს მიერ არც განხილულა და არც განმარტებულა“.
ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემად განიხილება ის, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა ჟურნალისტის ამ აქტის წინასწარგანზრახულობა:
„განაჩენი ასევე ვერ განმარტავს, როგორ დადგინდა, ობიექტური მტკიცებულებების ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით ის, რომ სილა განხორციელდა იმ განზრახვით, რომელსაც ითვალისწინებს 353 პრიმა მუხლი – ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის ან დგებუაძის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით… არცერთი მოწმის ჩვენება არ მიუთითებს, რომ მზიას ჰქონდა განზრახვა, ხელი შეეშალა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ან დგებუაძის საქმიანობისთვის. თავად დგებუაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ სილა დაკავშირებული იყო მის ოფიციალურ სტატუსთან და იმ კითხვებთან, რომლებსაც მზია დაკავებულ პირებზე უსვამდა“.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განაჩენი არ იყო გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით.



































































