ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას. მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა.
“როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია ასე პრეტენზია ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა.- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არავინ მიდის არც, პარტიის და არც, გუნდის წინააღმდეგ.
„გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე, დეპუტატების მეტმა რაოდენობამ ეს რაოდენობა გაზარდა. არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი დამატებით. არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არავინ მიდის. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.