რას აპირებს ,,ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში _ დაასახელებს საკუთარ კანდიდატს თუ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს?_ ამ კითხვას პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა.
დღეს, დუმილს დაარღვევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრებს.
კითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა ,,ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის მხარდაჭერა?_ მმართველ პარტიაში ზუსტ პასუხს ვერ გვცემენ, თუმცა, სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას აღუქვამენ.
,,ქართული ოცნებიდან“ ზაზა პაპუაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციის წარმომადგენელს არ უნდა დაუთმოს და პრეზიდენტის სავარძელი დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაიბაროს.
,,ისე ტრაგიკულად, როგორც პრესა აღიქვამს არ აღვიქვამ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესს, მაგრამ, რასაკვირველია, წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე ოპოზიციურმა კანდიდატმა ჩაიგდოს ხელში ეს თანამდებობა. კი ხედავთ, ვის უნდა პრეზიდენტობა. ისეთ დამოუკიდებელ კანდიდატს, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რატომაც არა, დავუჭერ მხარს.
შეუპოვარ ბრძოლას უნდა ჰქონდეს აზრი. ჩვენ არ ვეპოტინებით თანამდებობებს, ჩვენთვის მთავარია, ბალანსი და წონასწორობა იყოს დაცული სახელისუფლებო შტოებში“, _ გვითხრა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია დამოუკიდებელ დეპუტატს სრული შემადგენლობით მხარს არ უჭერს. ,,ქართულ ოცნებაში“ არიან დეპუტატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს.
ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაც არის ჩანიშნული. სხდომაზე განსახილველ მთავარ საკითხთა შორის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.