თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე. თან მეუბნებიან არ ხარ დამნაშავე, მაგრამ სახლში იჯექიო. არ გამოვა ასე ჩემო ბიძინა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.
მისივე განცხადებით, ის აუცილებლად დაესწრება როგორც პარლამენტის სხდომებს, ასევე, ყველა იმ შეხვედრას, რომელსაც ამ დრომდე ესწრებოდა.
„ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და პარლამენტის რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესაც მიმართა. მელიას განცხადებით, ის ვეღარ კარნახობს როგორ წარიმართება საქართველოში პოლიტიკური პროცესი.
„მე არ ვიცი საბჭოთა კავშირი რა არის, თუ არა ეს. თუ დამნაშავე ვარ, აქ კი არ უნდა ვიდგე, ციხეში უნდა ვიჯდე. თან მეუბნებიან არ ხარ დამნაშავე, მაგრამ სახლში იჯექიო. არ გამოვა ასე ჩემო ბიძინა. თქვენ ვეღარ კარნახობთ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში,“ – მიმართა მელიამ ივანიშვილს.