ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში უცნაურ მოვლენაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველი არსება ერთი თვის წინ გამოჩნდა. მოსახლეობისგან შემდგარი 50-100 კაციანი ჯგუფი სოფელს ყოველ ღამე იცავს. შამგონელების ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენის გამო სამართალდამცავები ხშირად პატრულირებენ.
თავდაპირველად მოვლენები მარტოხელა ქალის სახლში ვითარდებოდა. მარინა თორიას, ღამღამობით კარებზე ბრახუნის ხმა ესმოდა, თუმცა, კარების გაღების შემდეგ არავინ ხვდებოდა.
„მეხუთე დღეს რომ მოვიდა, ვუთხარი, ვინ ხარ, კარს გაგიღებ-მეთქი. თან ტელეფონით მეზობლებს ველაპარაკებოდი, მოსვლას ვთხოვდი… მეზობლები მაშინვე მოვიდნენ, მაგრამ ის უკვე ადგილზე აღარ იყო. მას შემდეგ, რაც კამერა დავაყენე, ჩემს სახლში არ გამოჩენილა“, – უთხრა რადიო „ათინათს“ თორიამ.
ამის შემდეგ, ხმები შამგონაში რამდენიმე ოჯახში გაიგეს. გულნაზი წყაროზია ამბობს, რომ გაურკვეველი არსება, უკვე რამდენიმე ღამეა, მათ ოჯახში ჩნდება.
„ყველაზე უფრო გასაკვირია, რომ ბრახუნის შემდეგ ძაღლები გაძურწულები და შეშინებულები შემოდიან და შემდეგ გარეთ საერთოდ აღარ გადიან. არსება ქალის ხმის მსგავს, შემზარავ ბგერებს გამოსცემს და ის შორ მანძილზეც ისმის“, – აღნიშნა წყაროზიამ.
სოფელში ამბობენ, რომ შებინდებისთანავე მამაკაცების ჯგუფები გროვდებიან და გათენებამდე 100-მდე კაცი სოფლის მიდამოებს და სახლებს დარაჯობს. მათივე თქმით, ისინი უცნაურ არსებას რამდენჯერმე გაედევნენ, თუმცა ის თვალს არანორმალური სისწრაფით მიეფარა.
„ფაქტობრივად, ალყა გვქონდა შემორტყმული, მაგრამ არაამქვეყნიური სისწრაფით გარბოდა, თან სანთებელა ჰქონდა ანთებული. წამებში გაქრა ჩვენი თვალთახედვიდან…როგორც კი სამშვიდობოს იგრძნობს თავს, ხარხარს იწყებს “, – ამბობენ თვითმხილველები.
მამაკაცები აღნიშნულთან დაკავშირებით კამერასთან საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ არსებას მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტი აქვს და ტანისამოსი აცვია, თუმცა, მისი ადამიანური ბუნების არ სჯერათ.
„არსების“ კიდევ ერთი თვითმხილველი ბელა შენგელიაც ადასტურებს, რომ მას მამაკაცის გარეგნობა აქვს.
„დაახლოებით, 20-25 წლის ბიჭის აღნაგობა აქვს. შავები აცვია და ქუდი ახურავს…სახე ვერ დავინახე“, – თქვა შენგელიამ.
სოფლის მოსახლეობამ მოძღვარს სახლები, სადაც ის გამოჩნდა, აკურთხებინა. ადგილობრივები შეშინებულები არიან და ამბობენ, რომ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობენ და ღამით მორიგეობას განაგრძობენ.
წყარო: www.radioatinati.ge