მებაჯე-ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 4–16 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,ყაზბეგი“, მებაჟე-ოფიცრების მიერ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 671,15 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 78 606,76 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 27 818,6 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო, 3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”,_ აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.