ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას, რომელიც შვებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მესამედ გავიდა, პოლიტოლოგთა ნაწილი აკრიტიკებს.
როგორც ,,გურია ნიუსთან“ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, ეკონომიკის მინისტრმა შვებულებაში სიარულის მაგივრად ხელშესახები საქმე უნდა აკეთონ. ამასთან, როგორც არეშიძე აცხადებს, მისთვის გაურკვეველია რეალური მიზეზი, რისთვის იღებს ქობულია ამდენ შვებულებას.
,,არანორმალური მოვლენაა. როცა პირველად წავიდა, მითხრეს, რომ თავისი საქმეების მოსაგვარებლად იყო წასული. სხვა შემთხვევები ნამდვილად არ ვიცი. თავისთავად, სასიამოვნო ფაქტი არ არის, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზი, რატომ იღებს მინისტრი ამდენ შვებულებას.
ბუნებრივია, ეკონომიკაში გაკეთებულმა საქმემ უნდა იმოქმედოს და არა შვებულებაში წასვლა-წამოსვლამ. ვიცი, რომ ის მუშაობს ისეთ პროგრამაზე, რომელიც ეკონომიკის სწრაფ ზრდაზეა ორიენტირებული, ხოლო რამდენად ეფექტური იქნება პროექტები, რამდენიმე თვეში შემეძლება საუბარი“, _ განაცხადა არეშიძემ.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პოსტზე თვეზე მეტია, რაც დაინიშნა. ეკონომიკის მინისტრს, ხშირად აღებული შვებულების გამო, საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს.