მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე.
გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას.
“ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა. ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი.
მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი.
2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ.
„სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან.
მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“.
კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
“კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება.
თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს.
არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს.
დღეს დილით სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.
“ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ – დაწერა ბესო ქათამაძემ ფეისბუქში.