გია ფერაძეს კინოსა და თეატრში ორმოცამდე როლი აქვს შესრულებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საეტაპო სამი ძირითადი როლი იყო – „კავკასიური ცარცის წრე”, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და „არასერიოზული კაცი”.
დიმა ბათიაშვილის „არასერიოზული კაცი” უცხოეთში რამდენიმე ფესტივალზეა დაჯილდოებული. ფილმი მოსკოვმაც აღიარა და მას ქართული კინოს შედევრი უწოდეს. როცა ფილმი ფედერიკო ფელინიმ ნახა, უტირია. ამ ფილმით დიმამ და გიამ დედას ბავშვობის ოცნება აუსრულეს და ხანში შესული მარტოხელა ქალის როლზე მიიწვიეს, რომელსაც გია ორჯერ მიჰყიდის კატას.
ეს გულიანი ფილმი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის, თბილის-ქალაქის და ქალაქური ურთიერთობების ნამდვილი ანთოლოგიაა და ბევრი ქალაქელი ბიჭის სახეს ინახავს, რომლებიც დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.