დაბა ჩოხატაურში, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ორი ბანერია ჩამოხეული და დაზიანებული. ამავე კოალიციის წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ იმ უკანონობის უკან, რაც დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოხდა, „ქართული ოცნება“ დგას.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მივმართეთ, რომ კანონის სრული დაცვით ვაკრავთ ბანერს. ბანერის გაკვრიდან რამდენიმე დღეში, მოვიდნენ ზედამხედველობის სამსახურიდან და გვითხრეს, ჩამოგვეხსნა ბანერი. ჩვენ არ ჩამოვხსენით ბანერი, რადგან კანონიერად გვაქვს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენი ორი ბანერია დაზიანებული და წითელი საღებავით მოსვრილი. ეს შეტევა ჩვენს შტაბზე „ქართული ოცნების“ დავალებით მოხდა. ამ ბანერს აუცილებლად გავაკრავთ და ეს ძალიან მალე მოხდება“, _ ამბობს ბაჩო ახალაძე.
ბაჩო ახალაძე ამბობს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართა და მერიიდან ხუთი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მიიღეს: „ ჩვენი ქმედება ითვლება კანონიერად. ბანერები ისევ იმ ადგილას გამოიფინება. ერთსანტიმეტრიანმა“ შურუფმა“ როგორ შეიძლება გამოიწვიოს კედლის დაზიანება?!! არავინ ამახინჯებს შენობებს და ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ“, _ გვითხრა ბაჩო ახალაძემ.
მიმდინარეობს თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება, ამ ეტაპზე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ამ დროისთვის კოალიციის ოფისის ფანჯრებზე ბანერები უკვე აღდგენილია.
ავტორი