“არავინ იფიქროს დამავიწყდა პირველ და მეორე ტურში რა პირობები დავდეთ„, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ქანთარია პარტიის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა აღარ ჰქონდეს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცხრა დეპუტატის მიერ დარეგისტრირებულ ინიციატივას– მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2024 წლისთვის გადადებაზე, თავადაც მხარს დაუჭერს:
“რა თქმა უნდა, სჯობს გუნდს შიგნით პოზიციები დაახლოვდეს, პრობლემები უნდა გადაიჭრას და რაც მთავარია ცვლილებების დროა, იმ ცვლილებების, რომელსაც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას. მე ველოდები ამ ცვლილებებს და არავინ იფიქროს დამავიწყდა პირველ და მეორე ტურში რა პირობები დავდეთ. ამ ცვლილებებში ვგულისხმობ, როგორც საკადრო ცვლილებებს პარლამენტში, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საზოგადოება ელოდება ამ ცვლილებებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქანთარიამ.