ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი არ იქნება.
„რისკები საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჩვენ დამატებით დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ამ დღეებში ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი. არავითარ შემთხვევაში. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით დატვირთული გადაწყვეტილება. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იმდენად რთული საკითხია და იმდენად ვუფრთხილდებით პირველ დადებით ნიშნებს, რაც გვაქვს და ჯანდაცვის სექტორს, რომ მეტი მსჯელობა გვჭირდება. მანამდე, თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემი პირადი მოსაზრებები გაგაცნოთ“, – განაცხადა თურნავამ.