ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 17 365 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 26 ოქტომბერს, არჩევნებზე გამოცხადდა 11 753 ამომრჩეველი, რაც სრული სიის 67,68% შეადგენს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” 7 842 ხმა მიიღო, შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: “ძლიერი საქართველო _ ლელო” _ 915 ხმა, კოალიცია “ცვლილებებისთვის” _ 851 ხმა, “ერთიანობა _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” _ 824 ხმა, “გახარია _ საქართველოსთვის” _ 486 ხმა.
თემურ კუტუბიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე 7 საჩივარია შესული და მისი განხილვა კანონის ვადებში მოხდება:
“დაიწერა სხვადასხვა სახის საჩივრები. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა დაინახა, რომ ერთ–ერთ ამომრჩეველს საფულეში ჰქონდა დაახლოებით ათამდე პირადობის მოწმობა. ასევე, დაიწერა საჩივარი ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთ–ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც შშმ პირი იყო, პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საჩივრები გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო არჩევნების შედეგებზე“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს თემურ კუტუბიძემ.
მისივე თქმით, ჩოხატაურში კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა:
“მე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ უპრეცედენტოდ სამაგალითო არჩევნები ჩავატარეთ, რომლის მსგავსი ჯერ არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ამაში მისი წვლილი შეიტანა ელექტრო ტექნოლოგიებმაც“, _ გვითხრა თემურ კუტუბიძემ.
ავტორი