საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა და მუშაობა გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღონ.
მათ შორის, თალაკვაძემ დაასახელა მიწის რეგისტრაციის ინიციატივა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგების, ექიმების, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასის ზრდას და პენსიის მატებას.
„პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს“, – უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარეს მედიამ ჰკითხა აზრი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის ბოქლომის დადების აქცია-პერფორმანსზე: „ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის. როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა“.
არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, პარლამენტის სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს და მომავალ კვირაში პლენარული სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდება.
18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.
სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად.
18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.
წყარო: რადიო თავისუფლება