არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა, როცა “პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიციაა”, თავის ადგილს დარბაზში ხედავს და არა სპიკერის პოზიციაზე.
“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენდი – ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი გამარჯვებებისთვის!” — თქვა თალაკვაძემ.
როგორც “ქართული ოცნები” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, თალაკვაძე ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლებს, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე კი კახა კუჭავაა წარდგენილი.