გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
კახა ქემოკლიძე რამდენიმე საათის წინ წილკანში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა.
„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს სავარაუდოდ, უნდა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ყველა სამსახური მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი 11 მარტს დატოვეს.
ტატუნაშვილის ცხედარი კი, ოკუპირებული ცხინვალიდან ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.