ალბათ, გახსოვთ ქართული მხატვრული ფილმი “არდადეგები”. ამ სურათის გადაღებიდან ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს ერთი ეპიზოდი სამუდამოდ დაამახსოვრდა.
“ფილმ “არდადეგებს” მანავში, ძველი ციხის ზემოთ, სასაფლაოზე ვიღებდით. მაგრამ რა ადგილიც გვჭირდებოდა, იქ ქვები არ იყო და ამიტომ ბუტაფორიული საფლავის ქვების დამზადება გადავწყვიტეთ. დავამზადეთ კიდეც და ყოველი გადაღების შემდეგ მე, გოგი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი და სხვები ამ “საფლავის ქვებს” ბეჭზე შემოვიდებდით და გალავანში შეგვქონდა.
ერთხელ ასე გამწკრივებულები მივდივართ, შევდივართ გალავანში, იქ სადაც ნამდვილი საფლავებია და ვხედავთ, ერთ ახალთახალ სამარესთან ქალი ზის და გულდათუთქული მოთქვამს: “დედი, დედი, რატომ წახვედი, ეს რა ქენი, რატომ მიგვატოვე, დედიი, დედიი”. ამ “საფლავის ქვებით” რომ მივადექით, მოიხედა და ერთბაშად გაქვავდა. მერე გადაირია, მაგრამ რა გადაირია – აღარც დედა ახსოვდა და აღარც თავი, ლამის შეიშალა.
ისე, ნაღდად ჯოჯოხეთის შეგრძნება კი იყო: აგერ მზე ჩადის, ბინდი მოიპარება და გალავანს რაღაცნაირი შუქი ეცემა. მერე მწკრივად, საფლავიანი კაცები, ქოფაკებთან ერთად, მოემართებიან.
ქალი ისე უკანმოუხედავად გარბოდა, ძლივს დავეწიეთ და, როგორც იქნა, დავამშვიდეთ”.