დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია ამბობს, რომ რეგიონში ამ დროისთვის არსებული ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
სულ დადასტურებულია 7 ადგილობრივი, ხოლო 2 შემოტანილი შემთხვევა.
ამ დროისთვის დასრულებულია კონტაქტების კვლევაც, რომელთა ტესტის პასუხიც უარყოფითია და განმეორებითი ტესტები მოქალაქეებს დაახლოებით ათ დღეში ჩაუტარდებათ.
„ამ დროისთვის ადგილობრივი შემთხვევა გვაქვს 7, შემოტანილი – 2. ეს შემოტანილი შემთხვევები ყველა უკავშირდება აჭარაში გამართულ ხალხმრავალ წვეულებას.
დროულად იქნა შემოტანილი შემთხვევების კონტაქტები კონტაქტები მოძიებული. მოძიებულია ასევე კონტაქტების კონტაქტებიც. დამთავრდა პირველადი კვლევა და უკვე საიმედო ინფორმაცია გვაქვს, რომ ყველა ტესტის პასუხია უარყოფითი. რაც შეეხება ამ ადამიანებს იცავენ თვითიზოლაციას, მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ინფიცირების სიმპტომები არ აღენიშნებათ.
მეთორმეტე დღეს კიდევ ჩაუტარდებათ ტესტი და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება დაუბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას“,_ გვითხრა მჟავიამ.
შეკითხვაზე – არიან თუ არა მზად ადგილობრივი კლინიკები გურიაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში პაციენტებთან გასამკლავებლად – მჟავია გვპასუხობს, რომ მათ არათუ ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა, არამედ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების დასაყოვნებელი პირობებიც კი არ აქვთ.
„ადგილობრივ კლინიკებს ინფიცირებულებთან შეხება არ ექნებათ. არცერთი კლინიკა არ გადაკეთებულა არც ცხელების ცენტრად, არც კოვიდცენტრად, ამიტომ გადაგვყავს პაციენტები ბათუმის, იმერეთის, ფოთის კლინიკებში. ჩოხატაურში ერთმა კლინიკამ მოაწყო კარავი და იქაც არ გაჩერდა პაციენტი, შეიყვანეს კლინიკაში და შემდეგ კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი გადავიდა იზოლაციაში. პირობები არ აქვთ, რომ საეჭვო პაციენტის დაყოვნება მოხდეს“,_ გვპასუხობს მჟავია.
როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების იზოლაციისთვის სივრცე ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკებს აქვთ, მაგრამ შემოდგომისთვის მზადება საიზოლაციო სივრცის ყველა კლინიკისთვის მოწყობას ითვალისწინებს.
„ყველა მუნიციპალიტეტში აქვთ კლინიკებს დღეს შესაბამისი საიზოლაციო სივრცე. მსგავსი სივრცე არის ოზურგეთში. ჩოხატაურს თუ არ აქვს არის ოზურგეთში, ჩოხატაურს თუ არ აქვს არის ფოთში. შემოდგომისთვის მზადების გეგმაში გვაქვს, რომ ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს საიზოლაციო სივრცე, პატარა ან დიდი, გააჩნია რა ზომისა და მასშტაბისაა საავადმყოფო“,_ განაცხადა გამყრელიძემ.