ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც გუშინ, 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, არსებობს ნანგრევების გვერდით არსებული შენობის ჩამონგრევის საფრთხეც.
ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
„მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს რაღაც ნაწილი… ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ან სინკარების ჩამოხსნა. ამას მშენებლები გადაწყვეტენ“, – განაცხადა მან.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე შეჩერდა. ტერიტორიიდან გაიყვანეს მაშველები.
ნანგრევების ირგვლივ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია. აქ მცხოვრები მოსახლეობა გუშინ, სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ გაიყვანეს ტერიტორიიდან.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 3 ბავშვი.