ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, როცა ჯერი დღის წესრიგის მიხედვით ბოლო საკითხად გაწერილ “სხვადასხვაზე” მიდგა, დეპუტატმა უმცირესობის რიგებიდან, კახა ასკურავამ ფაროსანას ამბავი მოიკითხა:
“მმართველმა ძალამ ფაროსანას პრობლემა უკვე გადაწყვეტილად ჩათვალა თუ რა ხდება?! ერთი შეწამვლა არ მომხდარა ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში, წელს არსად არ მინახავს ამ მავნებლის წინააღმდეგ ჩატარებული წამლობა. ახლა სიცხეა და ფაროსანები სახლებიდან გარეთ არიან გამოსულები და ხეებს შეესივნენ. ახლა უნდა სწორედ შეწამვლა. ზუგდიდში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ იქ ნამდვილად ეფექტურადაა გახორციელებული გასულ წელს ეს შეწამვლა. ადგილობრივებმა მითხრეს, ოთხ-ხუთ ფაროსანასაც რომ ვხედავთ, შეწუხებულები ვართო. ჩვენთან კი რა ამბავია _ მაინცდამაინც ფოტო მასალა წარმოვადგინო, რომ დაგაჯეროთ?!” _ მიმართა კოლეგებსა და სხდომაზე მყოფ მუნიციპალიტეტის მერს ასკურავამ.
ასკურავას გამოსვლას დარბაზიდანაც მოჰყვა წამოძახილები _ სადაა ფაროსანა?! მერმა კი განმარტა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვილითი სამუშაოები არ შეწყვეტილა, პირიქით, საამისოდ მეტი დაფინანსებაც არის გამოყოფილი.
“შარშანდელთან შედარებით შეწამვლითი ღონისძიებების ჩასატარებლად წელს ბევრად მეტი თანხაა გამოყოფილი. ხდება წერტილოვანი შეწამვლები იქ, სადაც ფაროსანა შეინიშნება. ვერ ვიტყვი, რომ ფაროსანა არაა და იგი სრულად გავანადგურეთ, თუმცა, ჩემი სოფლის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გასულ წელთან შედარებით, საკმაოდ შემცირებულია მისი რაოდენობა. ნამდვილად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გასულ წლებში. ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში კი უკვე შევწამლეთ რამდენიმე ადგილი. ასეთი შეწამვლები მოხდება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც”, _ განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა.
თუმცა, მერის განცხადებასა და უმრავლესობის წევრთა პათოსს, რომ ფაროსანას რაოდენობა ლანჩხუთში მინიმუმამდეა დაყვანილი, არ იზიარებენ საკრებულოს უმცირესობის წევრები და ამბობენ, რომ თუ დღეს ოთახებში აღარაა ფაროსანა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაჭრილია და აღარ არსებობს:
“ალუჩას ვეღარ შეჭამ კაცი _ მოსპო და გაანადგურა ყველაფერი. ისე, თუ ასე შემცირებულია ფაროსანების რაოდენობა, მაშინ, რატომღაა მეტი დაფინანსება გამოყოფილი მის წინააღმდეგ საბრძოლველად?!”_ იკითხეს მათ.