,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა. როგორც რატიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.
,,ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, აუცილებელია, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. პროკურატურისა და გამოძიების მიმართ არის ბევრი კითხვა, რომელიც დაუგროვდა მოკლულის მშობლებს, საზოგადოებას. მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დისტანცირებული ვიყავით ამ პროცესიდან. ჩვენ მართლაც გვქონდა იმედი, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა ადეკვატურად იმოქმედებდა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ამიტომ იმისთვის, რომ პროკურატურამ ანგარიშვალდებულად იგრძნოს თავი, იმისთვის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ მოვლენებს და იყოს გარკვეული გარემო, სადაც პროკურატურა გაცილებით პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს მნიშვნელოვანია, შეიქმნას ეს კომისია“,_ განაცხადა რატიანმა.