დღეს საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულმა ფოტოებმა, სადაც თბილისში, კუს ტბის მიმდებარედ რესტორან „ოტიუმთან“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები იყო ასახული.
„გურია ნიუსი“ იმის დასადგენად იყო თუ არა აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გაცემული და რა ობიექტის აშენება იგეგმებოდა დედაქალაქის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახურში აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით ზარი შევიდა და შემთხვევის ადგილზე მისვლას დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც გეგმავდა.
„არსებობს რაღაც პრინციპები ცხოვრებაში, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ და რასაც თავს ვერ დავუხრით, შესაბამისად აქ ამ პროექტის გახორციელება არ და ვერ მოხდება“, _ განაცხადა კუს ტბაზე მისულმა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, ნებართვა, რომელიც სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად გაიცა, ზედამხედველობის სამსახურმა გააბათილა.
„ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი, რომლის თანახმადაც, რესტორან „ოტიუმის“ პირდაპირ მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობა, სამშენებლო სამუშაოები ძირითადად საძირკვლის ამოთხრა იყო და მაშინვე მოხდა რეაგირება. ზედამხედველობის სამსახური მოვიდა ადგილზე და შეაჩერა უკანონო მშენებლობა.
ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, რომ სადაც ჩვენ გვაქვს მწვანე სივრცეები შემორჩენილი და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ამ კონკრეტულ ადგულზე მშენებლობის გახორციელება და იმ სახით რაზეც იყო ნებართვა გაცემული, ეს იყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა რქაზეც ნებართვა ჩვენი სამსახურების მიერ იქნა გაბათილებული. მესმის ამ ტერიტორიის მფლობელი, ისიც არ უნდა დავაზარალოთ ის კეთილსინდისიერი მყიდველია და მე დავავალე ჩემს მოადგილეებს მასთან შეხვედრა.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც, პროტესტი გამოხატა და ზარი დააფიქსირა“, _ განაცხადა კალაძემ.