ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე “ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა წერია ბიუროს სხდომის ჩანაწერის ოქმში, რის შემდეგაც პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შარაშენიძე პარტიიდან გაერიცხათ და პარტიის ცენტრალურ ოფისს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ოზურგეთში რაიონულ ორგანიზაციას ჰქონდა.
ამ პასუხის შემდეგ ჩვენ პარტია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას დავუკავშირდით:
_ რა დოკუმენტი გინდა? არ ვიცი, ორმეთში ვარ, ჩამოვალ და ვნახავ, რა როგორაა და გეტყვი, არ ვიცი ჯერ, ვიკითხავ, _ გვიპასუხა დარჩიამ.
_ ბატონო დავით, შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ოქმი არსებობს თუ არა?
_ ყველაფერი იქნება, რაც საჭიროა.
საკითხის გადამოწმება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ვცადეთ:
_ დოკუმენტთან დაკავშირებით შეგიძლიათ პარტიის ცენტრალურ ოფისს მიმართოთ წერილობით. დოკუმენტი შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ მე ვერ გაჩვენებთ.
_ ბატონო გიორგი, შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მისაღებად ბიურო შეიკრიბა?
_ მე რაც შემეძლო, გითხარით.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა გურიის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს, რომელიც ოზურგეთში “ქართული ოცნების” პარტიაში ბიუროს წევრია.
_ რომ ფიქრობდნენ ბიუროს ჩატარებას, ეს ვიცოდი, თუმცა თემატიკას არ ვიცნობდი. დღეს გავიგე ამის შესახებ დეტალები მედიიდან. არ ვესწრებოდი ბიუროს სხდომას იმიტომ, რომ თბილისში ვარ, არც ხელი მაქვს მოწერილი ოქმზე. ალბათ, საკმარისი ხმებიც შეკრიბეს. ვერც განმარტებას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რადგან საქმის კურსში არ ვარ. მოდით, დარჩიას ჰკითხეთ დეტალები შესახებ.