ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სამწვრთნელო ასპარეზზე დასაბრუნებლად მზადაა. როგორც თავად ფრანგმა აღნიშნა, იანვრიდან საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდება.
„ვფიქრობ, რომ 1 იანვრიდან სამუშაოს დავუბრუნდები. ჯერ კიდევ არ ვიცი სად, მაგრამ ვგრძნობ, რომ დავისვენე და მზად ვარ დასაბრუნებლად. წინადადები მთელი მსოფლიოდან მაქვს, შემიძლია იაპონიაშიც კი წავიდე. „არსენალში“ გატარებული 22 წლით დიდი გამოცდილება მივიღე“, – თქვა ვენგერმა.
ფრანგმა კომენტარი ყოფილი შეგირდის, მესუთ იოზილის შესახებაც გააკეთა და მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებისთვის ის სასარგებლო ფეხბურთელი იყო:
„მჯერა, რომ გერმანიის ნაკრებს მესუთი სჭირდება. ვიმედოვნებ, ლიოვი ნაკრებში დააბრუნებს. ის ნამდვილი ჩემპიონატი და მუნდიალზე ყველაზე ცუდად არ უთამაშია. ვწუხვარ, რომ ნაკრები დატოვა“, – დასძინა არსენმა.
აქვე გეტყვით, რომ ვენგერს ბოლო დროს მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ და ნიკო კოვაჩის მემკვიდრედ მიიჩნევენ.