დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ყველი 12-13 ლარი ღირს. გააჩნია სავაჭრო ობიექტს, სადაც რძის ნაწარმი, კონკრეტულად კი ყველი იყიდება.
ბაზარში შესაძლებელია ერთი კილოგრამის 12 ლარად ყიდვა. უმეტესად 13 ლარს აფასებენ.
სამი დღის წინ, ერთი კილოგრამი 14 ლარი ღირდა, ცოტა უფრო ადრე კი, 12 ლარი.
_ასე ცვალებადი ყველის ფასი არ გვინახვს. სეზონის მიხედვით, ფასი ან დაიწევდა, ან პირიქით, აიწევდა. ახლა კი ყოველდღე ერთი ან ორი ლარი ემატება ან აკლდება, – ასეთ საუბარს ყველგან მოისმენთ მომხმარებლისგან. ყველი ხომ უპირველესი კვების პოდუქტია ყველასთვის.
_მე ლანჩხუთიდან დავდივარ. ყოველ პარასკევს ჩამომაქვს რძის ნაწარმი, კვერცხი. საუკეთესო ყველი მაქვს და ერთ კილოგრამს 13 ლარად ვაბარებ. ნაკლებად ვერ გავცემ, რა ვქნა. ფხვნილის ყველი შემოაქვთო, ყვირიან აქ. მე არც ეგ ფხვნილი ვიცი, როგორი და სად იყიდება ან როგორ მოიხმარება. საკუთარი ძროხები მყავს, ვშრომობ. ცოტა ფქვილი გაიაფდა და მიხარია. რომ იტყვიან, გავწყდით წელში შავი ფქვილის და ქატოს ასე მაღალი ფასით. რომ გაყიდი, რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს ხარჯს ზემოთ? _ გვეუბნება ლანჩხუთელი, სოფელ აკეთის მკვიდრი ნინო შავაძე.
ზოგი ამბობს, რომ ფასების ცვლა ამ დროში არ უნდა გაგვიკვიდეს. თუმცა ახლა გაზაფხულის პირია და აქტიური დროა, როცა სოფლებში მეწველი ძროხების რაოდენობა იზრდება. ამიტომ ფასის კლებას უნდა ველოდოთო.
რაც შეეხება დანარჩენ რძის პროდუქტს, ერთი კილოგრამი ნადუღი ექვსი ლარი ღირს. ერთი ლიტრი რძე კი _ სამი ლარი.
ავტორი