საქართველოში საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის გამართვას, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტით ფინანსდება, ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
,,გურია ნიუსმა“ მმართველი პარტიის წევრს, ალექსანდრე ქანთარიას ჰკითხა: რამდენად მიზანშეწონილია და უნდა აიკრძალოს თუ არა მსგავსი მედიაფორუმების ჩატარება საქართველოში?
ქანთარიას თქმით, აღნიშნული მედიაფორუმი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება, ამიტომ საკითხის პოლიტიკურ სივრცეში გადატანა არასწორია.
,,მედიაფორუმი იმართება თუ არა პუტინის დაფინანსებით, არ არის ჩასაციებელი, ბუნებრივია, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ისიც ცხადია, რომ ოთხი ჟურნალისტი არ გადმოუშვეს საზღვარზე. საერთოდ, პროფესიონალებს შორის ურთიერთობები უნდა მიმდინარეობდეს, ჟურნალისტები იქნებიან ესენი თუ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. ასეთ რამეს წინ არ უნდა დავუდგეთ და ეს თემა პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა განვიხილოთ“, _ გვითხრა ქანთარიამ.
საქართველოში სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი ოთხ სექტემბერს დაიწყო და შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.