გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს „იბერიის“ დათმობაზე ესაუბრება, დღეს ტელეკომპანიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
როგორც „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი, ნატო ჩხეიძე ამბობს, მსგავსი შინაარსის საუბრები ტელეკომპანიის მესვეურებთან რამდენჯერმე შედგა.
„ასეთი საუბრები იყო არაერთი და ასეთი საუბრები იყო არა ერთთემაზე და რაღაც მოვლენები ისე ვითარდება, რომ როგორც ჩანს, ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამომზეურდება, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი ეს რაც მე ვიცი და ვიცი დოკუმენტალურად, ყველაფერი ეს არის უკვე ინგლისში და იქ სასამართლოში ეს ყველაფერი თავისი წესის და რიგის მიხედვით ობიექტურად გაირჩევა,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ტელეკომპანია ”იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ვახო ხუზმიაშვილი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „იბერიაზე“ განხორციელებულ ზეწოლაზე ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ განაცხადეს. ხუზმიაშვილს საქართველოში საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.
„ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი გუშინ, გუშინწინ, ჯერ კიდევ 7 თვის წინ გამოვედით დავთქვით, რომ მიმდინარეობდა მიზანმიმართული დარტყმა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე.“ ახლა კეთილი ინებოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და გამოიძიონ, ვის სჭირდებოდა ტელეკომპანია „იბერია“ და რატომ სჭირდებოდა,“ – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
“კურიერს” წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, რომელიც მტკიცებით, ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი სწორედ ტელეკომპანია “იბერიას” შეეხება და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იბერიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.
ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე რამდენიმე დღეა, რაც გადავიდა. არხის თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ამავე თემაზე: “მთელი შენი ბიუჯეტი ქინძზე გვკიდია” _ ყიფიანის და ოქუაშვილის სკანდალური ჩანაწერი