“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” განცხადებით, ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოძიებებმა, მათმა დაკავებებმა და გირაოთი გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა: არის ეს რეალურად ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა, თუ „ქართული ოცნების“ შიგნით კლანური დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე თავიდან იცილებენ პარტიის ყოფილ წევრებს კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები.
ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება.
უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს. ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, იქნებოდა ეს:
- ივანიშვილის ეჭვიანობა, თითქოს ლილუაშვილ/ღარიბაშვილმა შეძლეს დასავლეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა და საკუთარი თავებისთვის გარანტიების გამოვაჭრება;
- მათი ჩართულობა თაღლითურ ქოლცენტრებში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემებში, თუ სხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში;
- თუ ივანიშვილის მცდელობა, მის მიერ წლების განმავლობაში ნებადართული კორუფციით გამდიდრებული პირებისგან შეივსოს დასავლური სანქციებით მიღებული ფინანსური ზარალი.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”,_ აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
ვრცლად ინფორმაცია ბმულზე
































































