აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა, _ ამის შესახებ ინფორმაციას usatoday ავრცელებს.
„ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უხეში და თავხედი ფაქტი. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი შტატის მდივანს, არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს, ჯორჯიის შტატში, რომელმაც მხარი ჯო ბაიდენსა და კამილა ჰარისს დაუჭირა, ეს დემოკრატიაზე პირდაპირი თავდასხმაა“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
ცნობისთვის, გაზეთ The Washington Post-მა დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. სადაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, სატელეფონო საუბარში, ბრედ რაფენსპერგერს საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა, რათა შტატში მისი გამარჯვება დამტკიცდეს.
„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს, შემდეგია: მინდა 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, – განაცხადა სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.