აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, უკრაინაში ამერიკული წარმოების რაკეტები და სხვა იარაღი გაგზავნონ – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, საექსპორტო კონტროლის წესების თანახმად, ბალტიის ქვეყნებს იარაღის გადაცემის ნებართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღოთ.
Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალება მისცემს უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადასცეს, ლიეტუვას კი “სტინგერის” სარაკეტო სისტემების გაგზავნის უფლება მიენიჭება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას დაჰპირდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შედეგები მოჰყვება. სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს შორის შესაძლოა, იყოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა “ჯაველინი”, „სტინგერის“ სარაკეტო სისტემები და სხვა სახის შეიარაღება.