აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკები დაბომბა. ლიკვიდირებულია 12 ტერორისტი, ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
როგორც ცენტრალური სარდლობა იუწყება, საერთო ჯამში საჰაერო იერიშს 16 ადამიანი ემსხვერპლა. „საჰაერო დარტყმა „ისლამურის სახელმწიფოს“ ლიდერებზე, საველე მეთაურებსა და ბანაკებზე განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს“ აღკვეთის, განადგურებისა და დამარცხების მისიის ფარგლებში, რათა „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიის ცენტრალურ ნაწილში აღზევების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ავიაიერიშები განხორციელდა სირიის ისეთ ადგილებში, რომელსაც ადრე რუსეთი და ბაშარ ასადის რეჟიმი აკონტროლებდა. ახლა ხდება მიყენებული ზარალის აღრიცხვა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, დასძინეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებში.
„აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალები რეგიონში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობენ, რათა „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში აღზევების შესაძლებლობა და ვითარების სათავისოდ გამოყენება არ მიეცეს“, – განაცხადა გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.