“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო.
მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა:
“თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს… მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“.
სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს.
ფოტო: AFP