აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დასავლეთ ვირჯინიის შტატის „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს, დერიკ ევანსს კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ფედერალურმა პროკურორმა, კენ კოლამ განაცხადა. ინფორმაციას cnbc ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კონგრესმენი დერიკ ევანსი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრა და სოციალურ ქსელებში მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თუმცა მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი წაშალა.
„ცრემლსადენი გაზი მოიტანეთ. ამ ქვეყანას დავიბრუნებთ“, – ისმის დასავლეთ ვირჯინიის შტატის კანონმდებლის სიტყვები ვიდეოჩანაწერში.
თავად კონგრესმენი დერიკ ევანსი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში, დამოუკიდებელ ჟურნალისტად იმყოფებოდა.
როგორც cnbc წერს, კოლუმბიის ოლქის პროკურორის განცხადებით, 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შედეგად, 68 ადამიანი დააკავეს, 55-ს კი ბრალი წაუყენეს.
6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.