,,ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა“, _ ამის შესახებ აშშ ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ, ასევე, კრიზისია მეორე მხარესაც.
„ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი რეპუტაციის მქონე ლიდერებს ნაკლებად სურთ ივანიშვილის ბრძანებების შესრულება. ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ, ასევე, კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩუნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკას.
ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დაწყნარდეს, ის უარესდება. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული დიალოგის გარეშე დეესკალაცია რთული იქნება“, _ განაცხადა უილიამ კორტნიმა.
ასევე, უილიამ კორტნიმ მიმდინარე მოვლენებსა და მისი ელჩობის პერიოდთან მსგავსებებზეც ისაუბრა.
„ერთი პარალელი ისაა, რომ გამსახურდიას პერიოდის შემდეგ, ქართული პოლიტიკა პოლიტიკური მესიების გავლენის ქვეშ რჩება. ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი და შემდეგ ივანიშვილი. ამან ხელი შეუშალა პოლიტიკური პარტიების განვითარებას ინტერესების სფეროების მიხედვით და არა პერსონალიების მიხედვით. შეერთებული შტატების მაგალითზე კარგად ჩანს, რამდენად მავნე შეიძლება იყოს პერსონალიებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიები. საქართველოში პარტიებმა ვერ შეძლეს პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განვითარება“, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კორტნიმა.
მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე _ იურიდიული. ამიტომ მისი დაპატიმრება, დასავლეთში უკან გადადგმულ ნაბიჯად იქნება აღქმული. „მელიას დაკავებას იმდენი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ იურიდიული საკითხი. საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი დაპატიმრების მცდელობის გაგრძელება, სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. დასავლეთი ამის გამო საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილო იქნება“, _ განაცხადა ელჩმა კორტნიმ.