ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნა.
„დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტისგან. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, ქვეყანამ 1991 წლიდან გაატარა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.
საშუალო ზრდის ტემპი იყო ხუთ პროცენტზე მეტი 2005 წლიდან 2019 წლამდე და მისი რეიტინგი შთამბეჭდავად გაუმჯობესდა გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციაში და სხვა ინდექსებში. Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი”,_ ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ პანდემიამ ზეწოლა მოახდინა ადგილობრივ ვალუტაზე და ეკონომიკაზე.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის პანდემიის პირველ ტალღას, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს გაუმჯობესდა და 2020 წელთან შედარებით 10,4 პროცენტით მეტი ზრდა აჩვენა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და განაპირობა დაბალი მოლოდინი.